რა პერსპექტივა რჩება ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმას”, რომელიც ნაცმოძრაობამ დატოვა

ახალი ამბები

„იმიტომ, რომ უთანხმოებაა, იქაც თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო აქტიური ანტიქოცია, კონკურენციაა ოპოზიციის შიგნით. რაღაცნაირად უნდა მოილაპარაკონ, ან რაღაც საბჭო შექმნან ლიდერების მონაწილოებით. მხოლოდ განცხადებები და თარიღებზე ორიენტირება საკმარისი არაა”, – თქვა ჩიტაძემ “რეზონანსთან”.

სალომე ზურაბიშვილმა 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი მიზანია, დაიგეგმოს “საზოგადოების და არა მხოლოდ ჩვენი პლატფორმის 26 მაისი”. მისი თქმით, მაშინ, როცა დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ არის „არალეგიტიმური ხელისუფლების” გამო, უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა – რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც ყოველთვის ვზეიმობთ.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რათა ჩვენ დავგეგმოთ ჩვენი, საზოგადოების და არამხოლოდ ჩვენი პლატფორმის 26 მაისი. ეს არის ჩვენი, ყველასი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი. იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, რუსთაველზე, ამას დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტების წარმომადგენლები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ენმ-ს თავმჯდომარემ იმ მიზეზებზე ისაუბრა „პალიტრანიუსთან”, რის გამოც პარტიამ ზურაბიშვილის პლატფორმა დატოვა.

„31 მარტის აქციაზე, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ვერანაირი სიახლე ვერ გააჟღერა, ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებდით. ყველაზე დიდი დისტანცია ნაციონალურ მოძრაობასა და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებობდა. რატომ? იმიტომ, რომ ერთმა პროევროპულმა პრეზიდენტმა არ შეიწყალა მეორე. სალომე ზურაბიშვილს ამის არანაირი ახსნა არ ჰქონდა, ეს იყო პირად გემოვნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბოკუჩავამ.